ამერიკის შეერთებული შტატების ხსენებისას თვალწინ წარმოგვიდგება ძლევამოსილი სახელმწიფო, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების აკვანი, უზრუნველყოფილი ცხოვრება... ერთი სიტყვით, "ამერიკული ოცნება". თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ დუნე და ერთფეროვანი ცხოვრების რიტმს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. მათ შორის ყველაზე გულმხურვალე პროტესტანტი ჯეკ კერუაკი გახლდათ. მისი წიგნი "დჰარმის მაწანწალები" კი ამ გაუფასურებულ სამყაროში სულიერი მოგზაურობის, დჰარმის აღმოჩენის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ბუდიზმის, მთების, ჩაისა და ხეტიალის გარეშე წარმოუდგენელია.
"რას გაუგებენ უწყინარი შინაყუდები, ბალიშებზე რომ სხედან ფეხმორთხმულები, მთათა დამლაშქვრელის ველურ ყიჟინას?", მართლაც, ეს წიგნი არ არის იმათთვის, ვისაც ერთხელ მაინც არ განუცდია ლაშქრობისა და მთაში მოგზაურობის ბედნიერება. ეს მაწანწალების, ჭეშმარიტი ბოდჰისატვების წიგნია.
ნაწარმოებში რეი სმიტისა და ჯეფი რაიდერის გიჟური, თავაშვებული და, ამავდროულად, ყველაზე სათუთი და ღრმა სულიერი მეგობრობაა ასახული. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი რეი ჯეკ კერუაკის პროტოტიპია რომანში, მაინც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მას აჩრდილივით თან სდევს ჯეფის სულისკვეთება. მისი გამონათქვამები: "იქ, ზემოთ, ღვინო არ არის საჭირო. მთაში ალკოჰოლი არ გინდება." პროტაგონისტი ყოველთვის ფიქრობს, რას გააკეთებდა მისი მეგობარი: "მან მასწავლა, როგორ გავქცეოდი ქალაქს, ბორტებას, ბიწიერებას, როგორ მიმეგნო ჩემი ნამდვილი, შეუბღალავი სულისთვის. ამისთვის საჭირო იყო სრული სალაშქრო აღჭურვილობა და კარგი ზურგჩანთა."

რეი, დღევანდელი გადასახედიდან, ერთ ჩვეულებრივ მოხეტიალე ბუდისტად გვეჩვენება. მისი მოგზაურობა ნიუ–იორკის, სან–ფრანცისკოსა და მეხიკოს უდიდესი სამკუთხედის გარშემო ტრიალებს. წიგნიც სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ის მატარებელს შეახტება და სხვა მაწანწალასთან ერთად დასავლეთის თბილი სანაპიროებისკენ აიღებს გეზს. ამიერიდან კი მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. საოცარი რეალურობით აღწერს კერუაკი ჯეფისა და სმიტის შეხვერდას. თითქოს თავიდანვე გაუგეს ერთმანეთს და განუყრელ სულიერ ძმებად იქცნენ. ჯეფი რაიდერიც ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბუდისტია, რომელიც სან–ფრანცისკოში ერთ უბრალო ქოხში ცხოვრობს. ქოხი კი სავსეა წიგნებით იაპონიაზე, ბუდიზმზე, პოეზიაზე, ჩაიზე... და ყოველთვის ჩაის სუნი ტრიალებს: "პირველი ყლუპი სიხარულია, მეორე –ბედნიერება, მესამე – სიმშვიდე, მეოთხე – სიგიჟე, მეხუთე – ექსტაზი."
თუმცა, ბუნება და რეის პირველი ლაშქრობა მთებში სმიტის ცნობიერებაში მეტამორფოზას იწვევს (ალბათ იტყვით, ამერიკა სად იყო, ჩვენ როცა ვაჟა გვყვავდაო, მაგრამ...). ამერიკელებსაც უყვართ მთები, ბუნება და ლაშქრობები. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გზა იყო იმ დროს ჩალის ფასად ქცეულ რელობას გაქცეოდი და რაღაც ფასეული, ადამიანისგან ხელუხლებელი და უბიწო სილამაზე გეგრძნო. ალბათ, ამიტომაც არ გინდება მთაში ალკოჰოლი, ისედაც მთვრალი ხარ ამ ჟანგბადით ნაჯერი ჰაერით, თვალისმომჭრელი სიმწვანით და ბუმბერაზი მთებით, ციდან რომ გადმოყუდებულან, თითქოს დედამიწას უნდა დაეცნენო... პირველი ლაშქრობა ერთგვარი გამოცდაა ახალბედასთვის და რეისთვისაც გაკვეთილი გამოდგა. მწვერვალზე ბოლომდე ვერ ავიდა, უფრო სწორედ, არ ავიდა... მაგრამ ამის შემდეგ, ცხოვრებას ამ დევიზით განაგრძობს: "როცა მწვერვალს მიაღწევ, აღმასვლა განაგრძე"...

"ყველა ეს კოლეჯი ხომ სხვა არაფერია, თუ არა საშუალო კლასის იმ მეშჩანური უსახურობის სამჭედლო, რომელიც ყველაზე კარგად კამპუსის განაპირას ჩამწკრივებულ, გაზონებიან და ტელვიზორებიან, ერთნაირად კოხტა სახლებს ეტყობა. ყოველ სახლში ტელევიზორთან სხედან ადამიანები, უყურებენ ერთსა და იმავე გადაცემას და ერთსა და იმავეს ფიქრობენ. ამ დროს კი მთელი პლანეტის ჯეფი რაიდერები უღრან ტყეებში დაძრწიან, რომ გაიგონონ ბუნების ძახილი, განიცადონ ვარსკვლავური ნეტარება, ჩასწვდნენ ამ უსახური, უგრძნობი, გამაძღარი ცივილიზაციის წარმოშობის ბნელ საიდუმლოს,"_ ეს სიტყვები ყველაზე კარგად გამოხატავს იმდროინდელი ამერიკის სახეს. ლაშქრობა, ხეტიალი და ბუნება, მედიტაცია და სულიერების ძიება კი ერთგვარი პროტესტია ამ უმოძრაობის, უმოქმედობის მიმართ.
ჯეკ კერუაკი ამ წიგნით უამრავ რამეზე დაგვაფიქრებს, მათ შორის – ცუდისა და კარგის ბალანსზეც სამყაროში. ალბათ, კაცობრიობა ცუდის არსებობის გარეშე კარგსაც ვერაფერს აღმოაჩენდა, რადგან "სიცარიელეს ხომ მხოლოდ ფორმა შეგვაცნობინებს." ადამიანები ჩვენი ცხოვრების წესით სულ უფრო და უფრო ვშორდებით ბუნებას, დედამიწას და ჩვენ მიერ შექმნილ სუბსამყაროებში ვაფარებთ თავს. ამით ჩვენივე უმწეობის გამართლებას, დამალვას ვცდილობთ. მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის დარჩენილი, რაც ჩვენს ცხოვრებას აზრს აძლევს და გვაიძულებს ყველასა და ყველაფერში პოზიტიური მხარეც დავინახოთ. რადგან, "სამყარო არც ისე ცუდია, სანამ მასში ჯეფის მსგავსი ადამიანები ცხოვრობენ...ვხედავ დიდ მომავალს – ზურგჩანთიანების დიად რევოლუციას."















