Wednesday, November 18, 2015

1984


      ჯორჯ ორუელის "1984" მკაფიოდ გამოხატული დაპირისპირებაა მე-20 საუკუნის ტოტალიტარული  და ერთპიროვნული რეჟიმების მიმართ. მასში აღწერილია წარმოსახვითი ალტერნატიული  რეალობა, ანტიუტოპია, რომელსაც შესაძლებელი იყო ეარსება 1984 წელს. ეს წიგნი საბჭოთა სოციალისტური რეჟიმის დაცინვა, სარკაზმია.  კარგად დაგვანახებს, რომ  ვერანაირად ვერ იარსებებს სრული თანასწორობა, რადგან მას უფრო მეტ უსამართლობამდე მივყავართ. მარქსის უტოპია კი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი.        

ორუელისეულ სამყაროში სულ სამი სუპერ-სახელმწიფოა: ოკეანია, რომელშიც შედის ჩრ. ამრიკის უდიდესი ნაწილი და დიდი ბრიტანეთი, ევრაზია და აღმოსავლეთ აზია. სამივე ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობაა, სამივე იბრძვის მსოფლიოზე გაბატონებისთვის, მაგრამ არც ერთს არ გამოსდის. დანარჩენი მსოფლიო კი  საბრძოლო ფრონტადაა გადაქცეული.


       მოქმედება ყოფილ დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი, ლონდონში, ვითარდება. ოკეანიის მოსახლეობა სამ ფენადაა დაყოფილი: შიდა პარტია, რომელსაც ყველაფერი აქვს, რაც კი მოესურვება; გარე პარტია, რომელიც მუდმივად კონტროლდება ე.წ. ეკრანების საშუალებით და მისი წევრები ასრულებენ პარტიულ სამუშაოს, პროლეტარიატი, ანუ პროლები, რომლებიც იმდენად გაუნათლებელი ადამიანები არიან, რომ არცაა საჭირო მათი გაკონტროლება.  აქ არ არსებობს წარსული და მომავალი. "ვინც აკონტროლებს აწმყოს, ის ქმნის წარსულსაც."  ყველაფერი პარტიის ხელშია, ყველგან გხედავს "დიდი ძმა", არაპარტიული ქმედება "აზრკრიმინალად" ითვლება, არ არსებობს ოჯახი, მეგობარი, ყველა ჯაშუშია, დაგასმენს საკუთარი შვილიც კი, არ არსებობს ემოციები, არანაირი სიყვარული, სიხარული... ამ წიგნის წაკითხვისას, გგონია, რომ ადამიანები ერთ დიდ, ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობენ  და მხოლოდ ის აქვთ, რასაც პარტია აძლევთ.  ოკეანიაში ახალი ენაც მოქმედებს, აღარ არსებობს ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: თავისუფლება, თანასწორობა, აზროვნება და ა.შ. არ არსებობს არც ერთი სიტყვა, რომელსაც შეიძლება რაიმე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდეს. ისინი კი, ვინც ეწინააღმდეგებიან ან რაიმე მოქმედებით მაინც ცდილობენ თავის დაღწევას პარტიული მარწუხებისგან, უბრალოდ, ქრებიან "აზრის პოლიციის" მეშვეობით.  


  მთავარი გმირი შუა ხნის, გარე პარტიის წევრი უინსტონია, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის სამუშაოს, ის ფალსიფიკატორია, რადგან რეალობა ყოველ წუთს იცვლება, იცვლება წარსულიც და იცვლება ყველა მისი ნარჩენიც: გაზეთები, წიგნები...  უინსტონი ერთ-ერთია იმათგან, ვინც აზროვნებს , ანუ აზრკრიმინალია. ის დღიურსაც აწარმოებს ფარულად და კოლეგასთან სასიყვარულო ურთიერთობაც აქვს.  თუმცა პარტიას არაფერი ეპარება და მას  ინგსოცის საწინააღმდეგო ბლეფში ჩაითრევს.


  "თუ ყველაფერს ვაღიარებ, შენ დაგხვრეტენ, თუ არ ვაღიარებ, მაინც დაგხვრეტენ. რაც უნდა მოვიმოქმედო საქმით, სიტყვით თუ უსიტყვობით, ხუთი წუთითაც კი ვერ გადავადებინებ შენს სიკვდილს."_ეუბნება უინსტონი ჯულიას. მაგრამ ბოლოს მაინც მიაგნეს და წაიყვანეს "სიყვარულის სამინისტროში".  ო'ბრაიენი, რომელიც უინსტონს მფარველად და თანამოაზრედ მიაჩნდა, მწამებლად და ჯალათად მოევლინა.    აქ ხალხს აუძლურებენ, აზრს ართმევენ, იქამდე აწამებენ, სანამ "დიდი ძმისადმი" ჭეშმარიტ სიყვარულს არ აღუძრავენ და არ დაარწმუნებენ, რომ 2+2=5. საბოლოოდ კი, უინსტონმა საყვარელი ადამიანის გაწირვაც კი შეძლო, რომ საკუთარი თავი გადაერჩინა: "- ჯულიას გაუკეთეთ! ჯულია! მე არა! ჯულიას! ფეხებზე მკიდია, რას უზამთ. სახე მოაგლიჯეთ, ძვლებამდე დაღრღენით ! მე არე! ჯულიას! მე არა!" თავის მხრივ, ჯულიამაც უღალატა მას. ამით პარტიამ სწორედ იმას მიაღწია, რაც სურდა, ადამიანში ყველანაირი ემოცია, ყველანაირი საღი აზრი ჩაკლა, ის ცხოველად აქცია, რომელსაც არც სიბრალული, არც თანაგრძნობა და არც ფიქრის უნარი გააჩნია. "მაგრამ მორჩა, ყველაფერი კარგად იყო, ბრძოლა დასრულდა. მან გაიმარჯვა საკუთარ თავზე. მას დიდი ძმა უყვარდა."      

No comments:

Post a Comment