Friday, May 29, 2015

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები და დანიელ პენაკის 10 მცნება.


   გამარჯობა! მე ვარ ანი , 16 წლის და გადავწყვიტე, შევქმნა საკუთარი ბლოგი.  ჩემი ბლოგი წიგნებზეა _ ყველაზე საინტერესო რამეებზე მთელ სამყაროში. წიგნები ჩემთვის ყველაფერია, აბა, რა სჯობს სუსხიან დღეს სახლში თბილად  რომ მოკალათდები, პლედს გადაიფარებ, ცხელ ჩაის მოიმარაგებ და კარგ წიგნს რომ ჩაუჯდები. ან კიდევ ზაფხულში, სოფელში ჰამაკში რომ ჩაწვები და  დროს წიგნების კითხვით რომ გაიყვან (თან კითხვის დროს რა მალე გადის ).  სანამ ბლოგის კეთებას შევუდგებოდი, მკითხველის ბლოგები მოვძებნე, მაგრამ ქართული ბევრი ვერაფერი ვიპოვე, ამიტომაც გადავწყვიტე, ეს ზუსტად ის არის, რაც ქართულ საზოგადოებას სჭირდება-მეთქი და ჩემს განზრახვაზე ხელი აღარ ამიღია.
    ყველაზე ბევრი ფიქრი მაშინ დამჭირდა, როდესაც პირველ წიგნს ვარჩევდი ჩემი ბლოგისთვის. ჩემი პირველი წიგნი "ტომ სოიერის თავგადასავალი" იყო, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა მისით დაწყება (მიუხედავად ამისა ძალიან მიყვარს ეს წიგნი და მომავალში აუცილებლად დავწერ). სანამ წიგნის კითხვას დაიწყებ, კითხვა უნდა ისწავლო, ამიტომ გადავწყვიტე ჩემს მკითხველს წინგების ანა-ბანაზე ვესაუბრო და შემდეგ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, გამომყვება წიგნების ამ  უკიდეგანო ოკეანეში  და ჩემთან ერთად  გადმოეშვება თუ არა.

    ჩემი პირველი წიგნი ამ ბლოგზე დანიელ პენაკის  „რომანივით საკითხავია“, რომელიც მართლა რომანივით ერთ საათში იკითხება და იმდენად გიტაცებს, რომ სანამ ბოლომდე არ წაიკითხავ, ცნობისმოყვარეობა არ მოგასვენებს. მისი წაკითხვის შემდეგ ავტორი ნამდვილ გენიოსად შევრაცხე და ისიც კი გადავწყვიტე, ძაღლი რომ მეყოლება, პენაკი უნდა დავარქვა-მეთქი.

    “კითხვა ის მათრახია, რომელსაც ბავშვს ხშირად გადაუჭერენ ხოლმე,” _ ამბობს ავტორი  და გვასწავლის ამ მათრახის სიამოვნებად შეცვლის გზებს. წიგნი  მთლიანად  კითხვის შეყვარების გზებსა და მეთოდებს ეთმობა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მე მომწონს არის ის, რომ არავინ არაფერს გვაძალებს, არავინ არ გვავალდებულებს, რომ გინდა თუ არა ეს წიგნი წაიკითხე, ან თუნდაც ისო, ყველაფერი ჩვენზე, ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული.  ამ წიგნით ვსწავლობთ, როგორ უნდა დაანთო ადამიანში ინტერესის ნაპერწკალი, ხოლო შემდეგ ის თვითონვე შეუბერავს სულს და კითხვის ცეცხლს ააგიზგიზებს. “ინტერესი- აი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც შორს წაგვიყვანს.”
     თუმცა კითხვა, მართლაც, რომ სიამოვნებაა, რომელიც ყველას არ აქვს. “როცა ამბობენ კითხვის დრო არ მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვის სურვილი არ აქვთ. კითხვის დრო მოპარული დროა”.  ადამიანები იმის კეთებას ვართ შეჩვეული, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ამიტომ სწავლის ან მუშაობის დროს წაკითხული ერთი-ორი გვერდი ნამდვილად ტკბილია.  ბოლოს კი ე.წ. მკითხველის 10 მცნებას შემოგთავაზებთ, რომელიც ყველა მკითხველის ხელშეუვალ უფლებებს მოიცავს და არავის აქვს მათი შებღალვის უფლება:
  1 უფლება _ არ წავიკითხო;
  2 უფლება _ გამოვტოვოთ გვერდები;
  3 უფლება _ ბოლომდე არ წავიკითხოთ;
  4 უფლება_ ხელახლა წავიკითხოთ;
  5 უფლება _ რაც გვინდა, ის წავიკითხოთ;
  6 უფლება _ ბოვარიზმისა ( ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება);
  7 უფლება _ სადაც გვინდა იქ წავიკითხოთ;
  8 უფლება _ საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა;
  9 უფლება _ ხმამაღლა ვიკითხოთ;
  10 უფლება _ არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე.
  “ყველაზე მეტად კითხვის სურვილი ადამიანში მაშინ იღვიძებს, როცა კარგი წიგნის მადისაღმძვრელი სუნი ეცემა”, ამიტომაც ვფიქრობ, რომ თქვენ ამ უფლებებიდან რამდენიმეს გამოყენება არ დაგჭირდებათ. საბოლოოდ კი გეტყვით, რომ ნუ მოიკლებთ კითხვის სიამოვნებას და არავის მისცეთ თქვენი უფლებების დარღვევის ნება!



No comments:

Post a Comment