Saturday, May 30, 2015

ოთხმოც გვერდში ჩატეული მთელი ცხოვრება (ერიკ ემანუელ-შმიდტის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი")

      ერიკ ემანუელ-შმიდტი ერთ-ერთია იმ მწერალთაგანია, რომელთა ნაწარმოებებიც ძალიან მიყვარს, ამიტომაც გადავწყვიტე მისი ყველაზე გახმაურებული და ყველაზე პატარა წიგნით გამეცნო ის ჩემი ბლოგის მკითხველისთვის.

      წიგნში პატარა 10 წლის ოსკარის ამბავია მოთხრობილი, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული. ის, თავისი ასაკის მიუხედავად, ყველაფერს კარგად ხვდება, თუმცა მის მშობლებს არ უნდათ რეალობას თვალი გაუსწორონ და ჰოსპიტალში ყოველი სტუმრობის დროს ისე ექცევიან, თითქოს არაფერი შეცვლილა. ეს კი ოსკარს უფრო მეტად აღიზიანებს და მშობლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდება. მაგრამ საავადმყოფოში ცხოვრება საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება, როდესაც დედა როზა ან, როგორც მას ჩვენი პატარა გმირი ეძახის, ვარდისფერი ქალბატონი გამოჩნდება და სახალისო თამაშს მოიგონებს. ბიჭს ყოველ დღე ათი წელი ემატება. სულ რაღაც 12 დღეში გაივლის სიცოცხლის ყველა ეტაპს, გამოცდის სიყვარულსაც, ღალატსაც, ცხოვრებისეულ პრობლემებსაც, მონანიებასა და პატიებასაც. ამ 120 წლის განმავლობაში კი ყოველი ათწლეულის გასვლის შემდეგ უფალს სწერს წერილს. უამრავ კითხვას უსვამს, შეხვედრასაც კი სთხოვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. „ყველაზე საინტერესო კითხვები ისევ და ისევ კითხვებად რჩება; კითხვა საიდუმლოს მალავს. მხოლოდ უინტერესო შეკითხვებზე არსებობს პასუხი.“ ამიტომაც ოსკარი წიგნის ბოლომდე განაგრძობს ღმერთისადმი წერილების გაგზავნას.
     ამ ნაწარმოების ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ვარდისფერი ქალბატონია, ის ყველანაირ სფეროში გამოცდილ ადამიანად გვევლინება და შთააგონებს, ცხოვრებას ულამაზებს ოსკარს. ის ამავდროულად ოსკარის მესაიდუმლეცაა, ცდილობს შეარიგოს მშობლებთან და ყველა პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. „ყოველ დღეს ისე შეხედე, თითქოს სამყაროს პირველად უცქერდე,“_ ეს კონცეფცია კი ნამდვილად ამართლებს, ამიტომაც ეს დღეები ოსკარის ცხოვრებაში საუკეთესო გამოდგება.

     „სიცოცხლე მეტად უცნაური ძღვენია. თავიდან გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მას და გვგონია, რომ მარადიულ საკუთრებად გვეძლევა. შემდეგ რატომღაც სათანადოდ აღარ ვაფასებთ; ვთვლით, რომ ცხოვრება მუხანათი და მეტისმეტად ხანმოკლეა; ლამის მზად ვართ ზურგი ვაქციოთ. ბოლოს ვხვდებით, რომ სიცოცხლე საჩუქარი სულაც არ ყოფილა, პირიქით, მოვალეობაა. აი, მაშინ ვიწყებთ ბრძოლას, რომ როგორმე მოვიპოვოთ.“ ვფიქრობ, ეს წიგნი მართლაც ცხოვრების მასწავლებელია (და ჩემი ბლოგის სახელსაც ამართლებს), გვასწავლის, რომ შესაძლოა ხანმოკლე ცხოვრებაც კი ისე გაილამაზო, რომ მისგან წასვლა აღარ მოგინდეს. ამას გარდა, ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა ყველასთან და ამავდროულად ყველაზე დიდ მოწინააღმდეგესთან _ საკუთარ თავთან. ყველაზე ძნელია სიამაყე დათმო და საკუთარ თავს აჯობო. ოსკარმა ნამდვილად აჯობა საკუთარ თავს და აჯობა დაუმარცხებელ მტერს _ სიკვდილსაც. „ადამიანებს სიკვდილის იმიტომ ეშინიათ, რომ შეუცნობელი აფრთხობთ.“ შეიძლება ითქვას ოსკარი შეუცნობელის არსს ჩასწვდა და სიკდილთან ერთად ღმერთიც შეიცნო. პოსტს კი მისი ბოლო სიტყვებით დავასრულებ:
  “ მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება!“








1 comment:

  1. არაჩვეულებრივი გოგო ხარ. ხშირად გესტუმრები ხოლმე :) აი, რა მინდა ნახო (შეიძლება ნანახიც კი გქონდეს) https://www.youtube.com/watch?v=icbBErVijuk

    ReplyDelete