რეი ბრედბერი "ბაბუაწვერს ღვინით" ერთგვარ რეცეპტს გვთავაზობს, რომელიც ზაფხულის უსასრულოდ გაგრძელებას ჰპირდება მკითხველს.
მოქმედება 1928 წლის ზაფხულში, გამოგონილ ქალაქ გრინთაუნში ვითარდება, ხოლო წიგნის მთავარი გმირები ტომ და დაგლას სპოლდინგები არიან. ბიჭებისთვის, როგორც ყველა ბავშვისთვის, ზაფხული დასვენებასთან და გართობასთან ასოცირდება. მაგრამ ეს წელი მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდება ამ პატარა ქალაქის მოსახლეობისთვის.
წიგნში ამ სამი თვის განმავლობაში მომხდარი სხვადასხვა ამბავია აღწერილი. მის ფერნისა და მის რობერტას მწვანე ელექტრომანქანა, მისტერ აუფმანის ბედნიერების მანქანა, პოლკოვნიკი ფრილაი (ცოცხალი "დროის მანქანა",როგორც მას ბავშვებმა შეარქვეს) _ ეს იმ მანქანების ჩამონათვალია, რომლებიც ოდესღაც ამ პატარა ქალაქის მდუმარე ცხოვრებას მრავალფეროვნებასა და სიცოცხლის ხალისს მატებდა. თუმცა ამ წელს ყოველმა მათგანმა ტრაგიკულად დაასრულა ცხოვრება. ზაფხულის ცხელ დღეებში სერიული მკვლელიც კი გამოჩნდა ამ ერთი ციდა ქალაქში და დეტექტიური ხასიათიც შესძინა ნოველას.

ნაწარმოებში დაგლასის ცნობიერებაში მიმდინარე ცვლილებები, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად ამ წიგნის გმირებისა და ავტორის ცხოვრებას ერთმანეთთან აიგევებენ ხოლმე. მართლაც, შეუძლებელია აღწერო 12 წლის ბიჭუნაში მომხდარი გარდატეხა ისეთი სიცხადით, როგორც ეს ბრედბერმა შეძლო. "მე ცოცხალი ვარ! გაიფიქრა ბიჭმა. აქამდე არ ვიცოდი ეს, ან იქნებ არ მახსოვდა!" _ ეს სიტყვები დაგლასის უხმო, შინაგანი გამოძახილია. თითქოს ამ ზაფხულს პირველად ჩაისუნთქა სიცხით გაჟღენთილი ჰაერი, პირველად შეიგრძნო სამყაროს სილამაზე და საკუთარი თავი. ალბათ ყოველ ადამიანს განუცდია მსგავსი სულიერი მეტამორფოზა. თითქოს აქამდე რაღაც გაურკვეველი ბურუსით იყავი მოცული და ახლა ამ ლეთარგიული ძილიდან უცებ გამოერკვიე. სამყარო დაინახე და შეიგრძენი. თითქოს იქამდე არც არაფერი ყოფილა. შენი არსებობაც მხოლოდ ბიოლოგიური წარმონაქმნი იყო, ქვეცნობიერი ცხოვრება კი სწორედ ამ გამოღვიძების შემდეგ იწყება. ამ გარდატეხის შემდეგ დაგლასის ცხოვრება შეუცნობელის შეცნობის მიზნითა და მიზეზით გრძელდება. მის კვლევებსა და აღმოჩენებს კი ავტორის არაჩვეულებრივი წერის მანერა საოცარ ხიბლს მატებს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე გამორჩეულ პერსონაჟად დაგლასისა და ტომის ბაბუა მიმაჩნია. სწორედ ის არის იმ ყოველწლიური ჯადოსნური რიტუალის შემსრულებელი, რასაც ბაბუაწვერას ღვინის დაწურვა ჰქვია. მას რაღაც განსაკუთრებული, თბილი და ფაქიზი დამოკიდებულება აქვს ბუნებასთან და ძალიან რთულია მისი სიტყვები უყურადღებოდ დატოვო: "ბაბუაწვერა და ეშმაკის ბალახიც ძვირფასია! რატომ? იმიტომ, რომ ძირს დაგაჩოქებს, სულ ცოტა ხნით ჩამოგაშორებს ქალაქსა და ხალხს, ოფლს მოგადენს და შენი ცხვირის არსებობას შეგახსენებს. და როცა ასე მარტო რჩები საკუთარ თავთან, ცოტა ხნით კვლავაც საკუთარ თავად იქცევი."
"ბაბუაწვერას ღვინო. ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა, თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ." ბაბუაწვერა ზაფხულის, სიცხის, ახალი სპორტული ფეხსაცმლისა და უამრავი თავგადასავალის სიმბოლოდ იქცა. მისი ღვინის ყოველი ყლუპი ყველაზე სუსხიან ზამთარშიც კი ერთი წუთით მაინც აბრუნებდა იმ დროს და არ შეიძლებოდა წამით მაინც არ გეგრძნო ის სასიამოვნო სითბო, რომელსაც ზაფხულის დღეებში მზე უხვად უძღვნის
დედამიწელებს.

მინდოდა ამ ჩემი ბლოგით მეტი ინტერესი გამეჩინა ამ ისედაც ყველასთვის საყვარელი, თუმცა ბევრისთვის ამოუცნობი და მაგიური წელიწადის დროის მიმართ. თუ ეს მე ვერ მოვახერხე, რეი ბრედბერს მაინც ენდეთ და წაიკითხეთ მისი "ბაბუაწვერას ღვინო", რომელიც არც ერთი ასაკის მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.
"ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. სექტემბერი მოდის და ზაფხულის დასაწყისში გაღებული ფანჯრების დაკეტვა გიწევს, ბოტასებს იხდი და ივნისში გადაყრილ ტყავის მძიმე ფეხსაცმელებს იცვამ, ადამიანები სახლებში ისევე ბრუნდებიან, როგორც საათიდან გამომხტარი გუგული ბრუნდება შიგნით. სულ რაღაც წუთის წინ პარმაღები ყაყანითა და ხალისით იყო სავსე, მეორე წუთში კი კარებს აჯახუნებენ, ლაპარაკი წყდება და მხოლოდ ფოთლები ცვივიან ძირს გიჟებივით..."
