
ერიკ-ემანუელ შმიტის “ულისე ბაღდადიდან” ცოტა ხნის წინ მომხდარ რეალობას ასახავს. მისი მთავარი გმირია საად საადი, რომელიც ხან_საად იმედად და ხანაც საად სევდად გარდაიქმნება. ის ერთი უბრალო ერაყელი ბიჭია, რომელიც ჯერ სადამ ჰუსეინის, შემდეგ ამბოხებულთა და ამერიკელების გარემოცვაში ცხოვრობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი უდანაშაულო ხალხის გარდა არვინ ზარალდებოდა. როდესაც საადს ოჯახის ნახევარი გარდაეცვალა და მამაკაცებს შორის ისღა დარჩა, მიხვდა, ერაყთან მხოლოდ ტრაგიკული წარსული აკავშირებდა, გადაწყვიტა ევროპაში ეცადა ბედი.
ერთხელაც მან გუდა-ნაბადი აიკრა და გზას დაადგა, თუმცა, არც კი იცოდა სად მიიყვანდა ის. პირველად ქაიროში ჩავიდა, შემდეგ სიცილიაზე, იტალიაში, საფრანგეთსა და ბოლოს საოცნებო ლონდონში ჩააღწია, მაგრამ ის სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ელოდა.

“ადამიანები_ეს ერთგვარი პეპლებია, თავი რომ ყვავილებად წარმოიდგინეს. როგორც კი სადმე მოიკიდებენ ფეხს, ავიწყდებათ, რომ უფესვონი არიან, საკუთარი ფრთები ვარდის ფურცლები ჰგონიათ”_წერს ავტორი. მის მოსაზრებას ვეთანხმები და ვთიქრობ, რომ ადამიანებს ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლიათ, ისინი მუდამ ვითარდებიან, ითვისებენ ახალ ტერიტორიებს, მე ისინი მომთაბარეებად მიმაჩნია, მათ არ აქვთ საზღვრები, მათი გაჩერება _ეს იგივეა, რიმ ველოსიპედი კიდევ ერთხელ გამოიგონო ან ერთი და იგივე წიგნი რამდენჯერმე დაწერო. ამ მოთხრობის პერსონაჟებიც მომთაბარენი არიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ უკეთესი მომავალი ეძიონ, მაგრამ მათ არსად იღებენ, არავის სჭირდება ისეთი ქვეყნის ემიგრანტები, როგორიც ერაყია. მათი მხრიდან ყოველთვის საფრთხეს ხედავენ. მსოფლიოს განვითარებულ ნაწილს არც კი უნდა დაიჯეროს, რომ ასეთი ქვეყნები კიდევ არსებობს და მათ თვალს არიდებს. ისინი თითქოს საზღვრებს შლიან თავიანთ ქვეყნებში, მაგრამ ამ წაშლით მათ უფრო მკვეთრსა და მკაფიოს ხდიან. არ შეიძლება იქ უცხო ადამიანი შევიდეს და მათი უზრუნველი იდილია დაარღვიოს.
მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა და ტრაგედიისა, რაც მთავარ გმირს გადახდა, მას არასოდეს დაუკარგავს იმედი, ამ იმედით იღვიძებდა, ამ იმედით იკვებებოდა, სუნთქავდა, ცოცხლობდა, როდესაც მის გარდა არც არაფერი დარჩენოდა.
საად საადის მოგზაურობა ხან ჰომეროსის პოემის გმირებს, ხანაც “ათას ერთი ღამის” ზღაპრებს ემსგავსება. ამ ვოიაჟში ჩვენც გვითრევს, ლაბირინთის ყოველ კუთხე-კუნჭულს მოგვატარებს და მის ცენტრში გვტოვებს. ამის შემდეგ კი ჩვენ თვითონ უნდა გავიკვლიოთ გზა გასასვლელისკენ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად საინტერესოდ და შთამბეჭავად დავასრულებთ დაწყებულ თავგადასავალს…
“


