Sunday, June 28, 2015

“სიკვდილის გზა არრა არის „მწვანე“ გზის გარდა!“


      "მწვანე გზა" სტივენ კინგის ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებს შორის და კინემატოგრაფიის შედევრადაც იქცა.
      მოქმედება ვითარდება მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის „ქოულდ მაუნთინის“ სიკვდილმისჯილთა ბლოკის ზედამხედველი პოლ ეჯკუმი. დარჩენილი სიცოცხლე მან მონანიებასა და მემუარების წერას მიუძღვნა. სწორედ ამ წარსულის აჩრდილების გაცოცხლება იწვევს მკითხველში აღფრთოვანებას და ამ წიგნს დაუვიწყარ მომხიბვლელობას სძენს. პოლი დიდი დეპრესიის პერიოდში მუშაობდა E ბლოკში. ეს ის დრო იყო, როდესაც  „ბებერი ნაპერწკალა“ ათი ათასი ვოლტით უმასპინძლდებოდა მის კალთაზე ჩამოსკუპებულ პატიმრებს, მაღალჩინოსნები კი ამას ჰუმანურ სასჯელს უწოდებდნენ (განა შეიძლება მკვლელობა ადამიანურად მივიჩნიოთ?!). ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, პოლი და მისი თანამშრომლები ასრულებდნენ, ისინი ჯალათები იყვნენ, თუმცა ამის აღიარება არც ერთ მათგანს სურდა.

     ყველაზე საინტერესო, უცნაური და ამავე დროს ყველაზე კეთილშობილი და გულუბრყვილო დამნაშავის_ჯონ კოფის ამბავია, რომელიც ორი ტყუპი გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. მას ზებუნებრივი ნიჭი ჰქონდა და ადამინების განკურნება შეეძლო, რაშიც თვითონ პოლიც კი დარწმუნდა. პოლის გარდა, მისი ტალანტი ციხის უფროსის ცოლის განკურნების მიზეზიც გახდა, თუმცა ვერც ამან იხსნა იგი ელექტროსკამის კლანჭებისგან. ალბათ, გაგიჩნდებოდათ კითხვა, რატომ უნდა მოეკლა ბავშვივით გულუბრყვილო ჯონ კოფის(რომლის სახელიც ყავასავით გამოითქმის, მაგრამ სხვანაირად იწერება) პატარა ტყუპი გოგონები? აქ კიდევ ერთ იმდროინდელ არაჰუმანურობამდე მივდივართ, რასაც რასიზმი ჰქვია. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ საქმით დაინტერესებულმა პოლმა გაარკვია, რომ შავკანიანი გოლიათი არ იყო დამნაშავე, მაგრამ აუტკივებელ თავს ვინღა აიტკივებდა, არავის აინტერესებდა ერთი „ზანგით“ მეტი იქნებოდა ამერიკაში, თუ ნაკლები. ჯონ კოფის საკნის გვერდით ფრანგი დელაკრუა იყო მოთავსებული, რომელიც თავის თაგვ მისტერ ჯონგლზთან ერთად ცხოვრობდა(თუმცა მისტერ ჯინგლზი მის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე გამოჩნდა მწვანე გზაზე) და ოცნებობდა, რომ ის ცირკის თაგვი გამხდარიყო. ფრანგი მოსვლისთანავე შეიძულა პერსიმ, რომელიც აქ მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ გუბერნატორი მისი შორეული ნათესავი იყო (კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა_ნეპოტიზმი). პერსისა და დელაკრუას ურთიერთობებზე წიგნიდანაც შეიტყობთ, ახლა კი ისევ ჯონ კოფის დავუბრუნდეთ.
      „მწვანე გზა“, ეს სახელი იმ იატაკის ფერიდან მომდინარეობს, რომელსაც სიკვდილმისჯილი „ბებერ ნაპერწკალასთან“ შეხვედრამდე გადიოდა, ის გაიარა დელაკრუამაც, ჯონ კოფიმაც და უამრავმა სხვა პატიმარმაც, თუმცა ჯონ კოფის სასჯელი ძნელად დასავიწყებელი აღმოჩნდა ყველა იქ მყოფისთვის.


     "დამღალა მუდმივი ტკივილის სმენამ და ყურებამ, ბოს. დამღალა გზაზე ეულად ხეტიალმა. დამღალა მარტოობამ, არავინ მყავს ისეთი, ვინც დამემგზავრება, ვისაც დაველაპარაკები, ვეტყვი, საიდან მოვდივართ, სად მივდივართ ან რატომ. დამღალა ხალხის ურთიერთსიძულვილმა. ეს სიძულვილი თავში შუშის ნამსხვრევებივით მერჭობა. დამღალა უღონობამ იმის გამო, რომ შემეძლო მეშველა და ვერ ვუშველე. დამღალა სიბნელეში ყოფნამ. მაგრამ ყველაზე მეტად ტკივილმა დამღალა. ის ყველგანაა, რომ შემეძლოს, ტკივილს ყველგან მოვსპობდი, მაგრამ არ შემიძლია.“ _ეს იყო ჯონ კოფის უკანასკნელი სიტყვები, რომელშიც აღწერილია მთელი ტკივილი და სევდა. ეს არ არის გოლიათის სევდა, რომელსაც სიბნელის ეშინოდა, ეს ტკივილია კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის. ეს არის ის, რაც ყველგანაა, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს ძალუძს მისი აღმოფხვრა.ეს შეძლო ჯონ კოფიმ თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში. მიუხედავად საზოგადოების წინააღმდეგობისა, მან გააკეთა სიკეთე, რომელმაც საზოგადოების თუ არა, ერთი კაცის ცხოვრება მაინც შეცვალა უკეთესობისკენ. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ  თქვენც დაიჯერებთ, რომ ეს უმანკო გოლიათი სხვა არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა ღვთის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი. მთხრობელთან ერთად გაივლით ყველა იმ სიხარულსა თუ სევდას, ზიზღსაც და ტკივილსაც, დამერწმუნეთ დელაკრუას შემწვარი ხორცის სუნსაც იგრძნობთ, მაგრამ აუცილებლად დაიჯერებთ, რომ სასწაულები ხდება.